სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულება: ომბუდსმენის დასახელებულმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, გენერალური ინსპექცია სრულად გამოიკვლევს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას გლდანის ციხეში პატიმრების შესაძლო ცემის შესახებ. ამასთან, სამინისტროს განმარტებით, საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას ომბუდსმენის მიერ დასახელებული მსჯავრდებულების მიმართ - აკრძალული ნივთით სარგებლობის ფაქტზე. სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს ერთ-ერთ საკანში განთავსებულ ექვს მსჯავრდებულს დაუფიქსირდა ალკოჰოლური თრობის ნიშნები, რის შემდეგაც, ისინი გადაიყვანეს გონივრული განთავსების განყოფილებაში. უწყების მტკიცებით, ორი მათგანი (მ.ფ და მ.უ.) "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ თანამშრომლებს, იმუქრებოდნენ, რომ მიიყენებდნენ თვითდაზიანებებს, რაც ერთ-ერთმა (მ.უ-მ) გააკეთა კიდეც".

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება ორჯერ გაავრცელა. პირველ პრესრელიზში ეწერა როგორც გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების დაწყების, ისე გამოძიების შედეგების შესახებ, რომელიც ეხება მსჯავრდებულების თრობას, გონივრული განთავსების განყოფილებაში მოთავსებას, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებისადმი მუქარას, თვითდაზიანებებს და მსჯავრდებულებისთვის ხელბორკილის დადებას. მეორე ვარიანტში, სასჯელაღსრულების სამინისტრო აღარ საუბრობს იმ დეტალებზე, რაც ომბუდსმენის მიერ დასახელებულ მსჯავრდებულებს ეხება და მხოლოდ მზადყოფნას გამოთქვამს სრულყოფილი გამოძიებისთვის. ასევე, ომბუდსმენის აპარატს საყვედურობს, რომ ინფორმაცია დაგვიანებით გაავრცელა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პირვანდელი განცხადებით, "იმის გამო, რომ  მსჯავრდებული აღელვებული იყო და არსებობდა თვითდაზიანების განმეორებით მიყენების რისკი, დაწესებულების თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება სპეციალური საშუალების, კერძოდ, ხელბორკილის გამოყენების შესახებ როგორც მ.უ-ს, ისე მ.ფ-ს მიმართ, რომელიც ასევე აგრესიულად იქცეოდა. გადაწყვეტილება დადასტურებულია ოქმით. ამას გარდა, არსებობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, საკანში განთავსებული მსჯავრდებულების სისხლში დაფიქსირებულია ალკოჰოლი".

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრო ორივე განცხადებაში აღნიშნავს, რომ სასურველი იქნებოდა, სახალხო დამცველის აპარატს დროულად შეეტყობინებინა სამინისტროსთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ, "რადგან, ინფორმაციის რამდენიმე დღის დაგვიანებით გავრცელებამ შეამცირა შესაძლებლობა, დროულად დანიშნულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დადგენილიყო დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმი და ხარისხი". უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექციის დასკვნით გამოიკვეთება სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა გლდანის ციხეში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს. უჩა ნანუაშვილმა მთავარ პროკურორს თბილისის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულის შესწავლის წინადადებით მიმართა. 

კომენტარები