ქიმიური იარაღი

გაერო: სირიაში გამოყენებული ერთ-ერთი რაკეტის ძრავს რუსული მარკირება ჰქონდა

გაეროს დასკვნის თანახმად, სირიაში გამოყენებულ ერთ-ერთი რაკეტის ძრავს რუსული მარკირება (Г И Ш 4 25-67-179 К.) ჰქონდა. "ხმელეთი-ხმელეთის" ტიპის რაკეტების ნაწილი, რომლითაც გაზი ზარინი გაუშვეს, გაეროს ექსპერტებმა დამასკის გარეუბანში აღმოაჩინეს. ამ ფაქტზე რუსული მედიაც წერს.

ექსპერტების აზრით, საბრძოლო მასალა ნოვოსიბირსკშია წარმოებული. პარალელურად, გაეროს რეზოლუციის ტექსტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დოკუმენტში ძალის გამოყენების შესახებ ნებისმიერი პუნქტის შეტანის წინააღმდეგია რუსეთი. არსებული გეგმის მეშვიდე პუნქტის თანახმად, გაერო კონფლიქტის მოგვარების ყველა მშვიდობიანი გზის გამოყენების შემდეგ, სირიაში სამხედრო ქმედებებს დაიწყებს. რუსეთს განსხვავებული აზრი აქვს იმაზეც თუ ვინ გამოიყენა ზარინი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება პროვოკაცია იყო. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა კი დარწმუნებულები არიან, რომ დამასკში ზარინის გაშვების შედეგად 1400 ადამიანის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ბაშარ ალ-ასადის მთავრობას ეკისრება.

კომენტარები