თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: პრეზიდენტს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყების ინფორმაციით, ვიცეპოლკოვნიკი ალეკო ტუღუში დასაქმებულია. სამინისტროს ცნობით, მას ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია.

"ამ პოსტზე ტუღუშის ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს. ანაზღაურების ზუსტ ოდენობას კონფიდენციალობიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მათი ცნობითვე, ვიცეპოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ და მისი ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო.

"როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, ასევე ვიცეპოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს ბინა თბილისში გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ვიცეპოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 2011 წელს დაიჭრა, თუმცა საბინაო ფონდში მისი შეყვანა და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ორი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. თავდაცვის სამინისტროში უკვე აქტიურად მოქმედებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსური პროგრამა. ეს სისტემა მოიცავს, დაჭრილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო დახმარებას, პროტეზირებას, პროფილურ დაზღვევას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. "დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსურ პროგრამაში" აქტიურად არიან ჩართულები თავად დაჭრილი სამხედროები; ალექსანდრე ტუღუში ამ პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორია და მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ დაჭრილ სამხედროებთან კოორდინაცია და მათ პრობლემებზე მუშაობა ევალება", - განმარტავენ სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ურჩევს, მის ლანძღვას ნაკლები დრო დაუთმოს და სამხედროებზე იფიქროს. სააკაშვილის ინფორმაციით, ვიცეპოლკოვნიკი ალეკო ტუღუში, რომელმაც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა, ავტოსადგომში ცხოვრობს.

"ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში", მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდით. თავმოყვარეობა გვაქვს ჩვენ საერთოდ და ღირსება?! ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი?! ახლა ველაპარაკე და ვთხოვე გიგი უგულავას, რომ ამ ადამიანს დაუყოვნებლივ გამოუყონ ბინა - კიდევ კარგი, ეს ბერკეტები მაინც გვაქვს. ამასთან, ვავალებ და ვუბრძანებ თავდაცვის სამინისტროს, ეს კაცი დაასაქმონ. დაუყოვნებლივ, პროფესიის მიხედვით", - განაცხადა სააკაშვილმა და  ალეკო ტუღუში წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

"მრცხვენია, რომ "გარაჟში" უნდა გადავცე საქართველოს გმირს წმინდა გიორგის ორდენი, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, გმირი არის გმირი. ერთი საყვედური არ დაცდენია ამ კაცს, როცა ველაპარაკებოდი. საუბრობდა მარტო იმ ბიჭებზე, რომლებიც, პრაქტიკულად, დაფინანსების გარეშე არიან დარჩენილი და სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდებათ, ელემენტარული სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად. ალასანიას მინდა ვუთხრა - ბოლო ხუთ დღეში ათი განცხადება გააკეთა ჩემი სალანძღავი. იქნებ ცოტა ნაკლები დრო დაეთმო ჩემი ლანძღვისთვის, ქიშპობისთვის და ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო ამით", - დასძინა პრეზიდენტმა. 

 

კომენტარები