გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია

პრემიერი: მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადებით, ნდობას მეც გამომიცხადებთ

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატულ პროცესებს ჩაუყრის საფუძველს. როგორც ივანიშვილმა სპორტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოსახლეობას შარშან დაჰპირდა, რომ მშვიდობიანად შეცვლიდა ხელისუფლებას, რაც, მისი თქმით, შეასრულა.

"მე ვამაყობ თქვენით. თქვენი სიმტკიცის გარეშე, ამას ვერ მივაღწევდით. რომ არა სწორად შერჩეული პოლიტიკური გუნდი და მათი სახელმწიფოებრიობა, აქამდე მოსვლა გაგვიჭირდებოდა. ჩვენ დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის პირობებში შევძელით კოჰაბიტაცია. მომავალშიც მენდეთ. ქვეყანას ახლა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება სჭირდება, რადგან მოპოვებულ თავისუფლებას დაცვა და შენახვა უნდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები ამას მოვახმარო. ნუ გგონიათ, რომ სადმე მივდივარ, მე გადავდივარ უფრო რთულ ადგილას, ავირჩიეთ რთული გზა, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა სასამართლოს რეფორმით დაიწყო. მისი თქმით, სასამართლო თავისუფალია ხელისუფლებისგან. პრემიერი აცხადებს, რომ ახლა საჭიროა იმაზე დაკვირვება, არის თუ არა სასამართლო ძველი ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზებულია და ხალხის სამსახურში დგას. პრემიერის შეფასებით, სამართალდამცველები შარშან, წინასაარჩევნოდ, არათუ არ იცავდნენ, არამედ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

"ახლა კი, პოლიცია იცავს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი პოლიტიკური კულტურა. ყველას აქვს თანაბარი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. ჩვენ ჩავატარებთ თავისუფალ, უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტების არჩევნებს", - აცხადებს პრემიერმინისტრი. მისივე თქმით, ტყუილები არ სჩვევია და რადგან კანდიდატად დაასახელა გიორგი მარგველაშვილი, ანუ ის მიაჩნია ერთადერთ ადამიანად, რომელიც უნდა უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.

"არაფერი გამოუვა იმათ, ვინც ჭორებით და მითქმა-მოთქმით გვებრძვის. ყველას მოვუწოდებ, პატიოსანი გზებით შეეჯიბრონ გიორგი მარგველაშვილს. გიორგი არის ღირსეული პიროვნება, თანამედროვე, გაწონასწორებული, წესიერი, სუფთა წარსულის. მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება იგივე ჩემთვის ნდობის გამოცხადებაა. მწამს, რომ წელს კიდევ ერთხელ შევიკვრებით ერთ მუშტად და მხარს მივცემთ საქართველოს წინსვლას და განვითარებას. მარგველაშვილის გამარჯვება იქნება ქვეყნის საერთო გამარჯვება. ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ყველას პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. 

კომენტარები