გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია

პარლამენტის თავმჯდომარე: გიორგი მარგველაშვილი იქნება ყველა მოქალაქის სიამაყე

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გიორგი მარგველაშვილს ესტაფეტა გადასცა. როგორც უსუფაშვილმა დღეს, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, კოალიცია ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი შესთავაზა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მარგველაშვილის გამარჯვებით ქვეყანაში ერთპარტიული პრეზიდენტის ეპოქა დასრულდება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ქართველ ხალხს შევთავაზეთ კოალიციის საუკეთესო კანდიდატი იმ ტვირთის ბოლომდე და სწორად სატარებლად, რომელსაც კოალიცია შეჰპირდა ხალხს. აუცილებელია გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ერთგვარად ესტაფეტა გადასცა გიორგი მარგველაშვილს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ესტაფეტას მიიღებს წარმატებულად, გაიმარჯვებს არჩევნებში. ამით კი საქართველო მიიღებს ყველა მოქალაქის პრეზიდენტს, რითაც დასრულდება ერთპარტიული პრეზიდენტის ეპოქა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იქნება ყველა მოქალაქის სიამაყე და დამცველი.

"სხვა ასპარეზი იქნება პაექრობისთვის - პარლამენტი, სასამართლო, არჩევნები, პრეზიდენტი კი უნდა იყოს ჩვენი საერთო სიამაყე და მარგველაშვილი იქნება სწორედ ასეთი პრეზიდენტი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, სპორტის სასახლეში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. მარგველაშვილი პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

 

კომენტარები