სიმპოზიუმი

ნორლანდი: საზღვრების უსაფრთხოება და ვაჭრობის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საზღვრების უსაფრთხოება და ვაჭრობის კონტროლი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც დღევანდელი სიმპოზიუმის შემდეგ ნორლანდმა აღნიშნა, მსოფლიოში ვაჭრობას ხელი უნდა შეეწყოს და საზღვრები ღია უნდა იყოს, თუმცა, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ტერორისტებმა და დამნაშავეებმა ეს უკანონო საქონელბრუნვისთვის გამოიყენონ.

"საქართველომ ორმაგი დანიშნულების მქონე პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი აღსრულება. ეს არ არის ერთი რომელიმე სამინისტროს საქმე. ეს უწყებათაშორისი ძალისხმევაა. პრემიერის მონაწილეობა ამ საქმეში წარმმართველი ძალა და წარმატების საწინდარია", - თქვა ნორლანდმა.

სიმპოზიუმი, რომელსაც საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ევროკავშირის დელეგაცია მასპინძლობენ, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერი, თავდაცვის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სიმპოზიუმზე ექსპორტის კონტროლის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები განიხილეს. კანონპროექტი აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის ექსპორტის კონტროლის ფედერალური სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან თანამშრომლობით შეიქმნა. კანონის მიზანია მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს დაახლოება, აგრეთვე NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კომენტარები