ციხის მაყურებლები

მინაშვილი: #17 საპყრობილეს ე.წ. მაყურებლები აკონტროლებენ

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო ოპოზიცია ციხეებში ე.წ. მაყურებლების შესახებ კვლავ საუბრობს. უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ე.წ. მაყურებლებისა და ავტორიტეტების მხრიდან #17 საპყრობილეში სიტუაციის კონტროლის შესახებ ისაუბრა. მინაშვილმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა.

"პირველ რიგში, მთავარი ხელმძღვანელი ამ სისტემის არის კანონიერი ქურდი ვინმე გერლიანი. ასევე არის რამოდენიმე მაყურებელი, რომლებიც დაყოფილი არიან ზონების მიხედვით. მაგალითად, ერთი არის ვინმე ასლანიანი, გერლიანის მარჯვენა ხელი. ასევე, მაგალითად, პირველი ზონის მაყურებელი ვინმე ზარნაძეა, ასევე ზონის მაყურებელი ვინმე მანაშვილი, ახალი ზონის მაყურებლები ვინმე ტერტერაშვილი და ფირცხალავა. სამედიცინო ნაწილის ანუ ე.წ. ბალნიჩკის მაყურებელი ვინმე ყურაშვილი", - თქვა მინაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მთავრობისგან შესაბამის რეაგირებას და ზომების მიღებას მოითხოვენ.

აკაკი მინაშვილი ქუთაისის #2 საპყრობილეში 16 წლის პატიმრის გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა აიღოს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ აკაკი მინაშვილის დღევანდელ განცხადებაზე სერიოზული კომენტარს ვერ გააკეთებენ.

კომენტარები