აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ზეწოლა, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებისა და შეთანხმებების გაფორმებისკენ ისწრაფვიან.

Associated Press-ის ინფორმაციით, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა იმედოვნებს, რომ უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან 28-29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე უფრო მჭიდრო ურთიერთობას ხელს მოაწერენ. მოსკოვი კი ამ ქვეყნებს მოუწოდებს, ევროკავშირის ნაცვლად, რუსეთს დაუახლოვდნენ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის თქმით, ნებისმიერი ზეწოლა რუსეთისგან შედეგის მომტანი არ იქნება.

Associated Press-ის ცნობით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა, რომლის ქვეყანაც რუსეთისგან სავაჭრო შეზღუდვებს განიცდის, თქვა, რომ რუსეთისგან ზეწოლას უნდა დაუპირისპირდნენ.

რუსეთი უკრაინას გაზის ტარიფის შემცირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთავაზობს, თუ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს. გასულ თვეში, რუსეთმა მოლდოვური ღვინის იმპორტიც აკრძალა, მიზეზად კი უხარისხობა დაასახელა.

კომენტარები