თბილისის მერია

თბილისის მერია ახალ კანონპროექტს თავის საქმიანობაში უხეშ ჩარევას უწოდებს

Wikipedia

კანონპროექტს, რომლითაც თბილისის მერს უფლებები ეზღუდება, თბილისის მერია თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს. 
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაშია თვითმმართველობის კონცეფციასთან, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

"ინიცირებული კანონპროექტით საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, უნდობლობა გამოუცხადოს მერიის სხვადასხვა თანამდებობების პირებს და მათთვის სასურველი პირები დანიშნოს ამ თანამდებობებზე. ეს არის გაუმართლებელი, უხეში ჩარევა თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაში, რაც წინააღმდეგობაშია დღეს მოქმედი თვითმმართველობის ორგანული კანონით განსაზღვრულ პრინციპებთან, სადაც ცვლილებები, ჩვენდა გასაკვირად, არ შედის და ასევე წინააღმდეგობაშია თვითმმართველობის კონცეფციასთან, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა და დაამტკიცა კიდეც. აღნიშნული კანონპროექტი მიმართულია იქით, რომ მერიის საქმიანობას შეეშალოს ხელი და მოხდეს პარალიზება შესაბამისი სამსახურების. კანონპროექტი მიმართულია თბილისის მერიის და თბილისის მოსახლეობის წინააღმდეგ", - განაცხადა აბესაძემ.

ცვლილებების პროექტის თანახმად, რომლის ავტორებიც არიან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი და მისი პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი,  მერი ვიცემერებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს, გამგებლებს, ადმინისტრაციის უფროსებს დამოუკიდებლად ვერ დანიშნავს ან გაათავისფლებს, ამისთვის  საკრებულოს ხმების 1/3  იქნება საჭირო. იმავე ერთ მესამედს თანამდებობის პირებისთვის უნდობლობის გამოცხადება შეეძლება, რაც ავტომატურად მათ გადაყენებას გამოიწვევს. 

კომენტარები