თბილისის მერია

ხაზარაძის თქმით, მერიამ თბილისში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ნებართვა არ გასცა

პარტია ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მერიამ თბილისში იტალიური საფეხბურთო კლუბის, ტურინის იუვენტუსის აკადემიის გახსნის ნებართვა არ გასცა.

"მე დავრწმუნდი, რომ კახა კალაძეს ფეხბურთიც არ უყვარს. იცით, რომ წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემია გავხსენით, რომელშიც 100 ბავშვი უფასოდ ირიცხება [...] როცა ჩვენ საქართველოში იუვენტუსი შემოვიყვანეთ, პირობა იყო, რომ წალენჯიხაში იმ შემთხვევაში წამოგვყვებოდნენ, თუ მეორე აკადემია თბილისში გაიხსნებოდა. კომპანიამ თბილისის მერიაში წერილი შეიტანა. პროექტით გათვალისწინებულია სტადიონები, სარეაბილიტაციო ცენტრი, დიდი სავარჯიშო ცენტრი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება. ჩვენთან ერთად ამაში ინვესტიციას ტურინის იუვენტუსი დებს. 

მერიიდან პირველი სიგნალი მივიღეთ, რომ იქ ყველას გაუხარდა - რა მაგარი პროექტია, იუვენტუსი თუ თბილისში იქნება, კარგიაო და ა.შ. აქედან დაახლოებით 2-3 კვირაში კი მერიის რომელიღაც განყოფილების უფროსის მოადგილის მოადგილე წერილს აგზავნის, რომ - არა, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედისო და თემა დაიხურა". - თქვა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.

ტურინის იუვენტუსის აკადემია წალენჯიხაში 2023 წლის მაისში გაიხსნა. ამ ინიციატივის ავტორი სწორედ მამუკა ხაზარაძე იყო.

კომენტარები