ღარიბაშვილის შეხვედრა უმცირესობასთან

ღარიბაშვილი: მერიის თანამშრომლების დაკავება პოლიტიკური დავალება არ ყოფილა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მერიის თანამშრომლების დაკავება პოლიტიკური დავალება არ ყოფილა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა უმცირესობასთან შეხვედრაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა, "როდესაც ოთარ ფარცხალაძემ ერთ დღეში დააკავა მერიის 30 თანამშრომლამდე და როდესაც დააპატიმრა მეჩეთი - ეს პოლიტიკური დავალება იყო თუ სამართლებრივი".

"თქვენ თუ პოლიტიკურს ეძახით იმას, რომ 50 მილიონი ლარის მითვისების ფაქტი გამოავლინა ოთარ ფარცხალაძემ, მაშინ ძალიან შორს ვართ ჩვენ რეალობიდან", - თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მერიის თანამშრომლების დაკავებისას, საქმე ეხებოდა 50 მილიონი ლარის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და მიტაცებას, სადაც გამოიკვეთა ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობა.

"ასე რომ, რომელ პოლიტიკაზე გვაქვს საუბარი საერთოდ? თქვენ გულისხმობთ, რომ ჩვენ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ უნდა დაგვეწყო, არ უნდა გამოგვეძიებინა წარსულში ჩადენილი დანაშაულები თუ რა?" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება მინარეთის თემას, პრემიერობის კანდიდატმა თქვა, რომ სერგო რატიანი არასწორად არის ინფორმირებული და ურჩია - საქმეში კარგად გაერკვიოს.

"მინარეთის დემონტაჟში ოთარ ფარცხალაძეს არ მიუღია მონაწილეობა. ეს მისი საქმე არ იყო. ეს დემონტაჟი შემოსავლების სამსახურმა განახორციელა", - დასძინა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 27 ივნისს ფინანსურმა პოლიციამ მერიის და საკრებულოს 22 თანამშრომელი დღის მანძილზე, ორჯერ დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგანგებო განცხადებით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით 50 მილიონი ლარი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით განხორციელდა.

კომენტარები