ღარიბაშვილის შეხვედრა უმცირესობასთან

ღარიბაშვილი: თქვენი რეჟიმი იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ნეოფაშისტური წარმონაქმნი უწოდა. პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრისას, დეპუტატი გივი თარგამაძე შსს-ს მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმებისადმი გამოჩენილი დამოკიდებულებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მისვლის დღიდან, შსს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიმართ განსაკუთრებულად მტრული დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა. ღარიბაშვილის თქმით კი, მინისტრობის პერიოდში, ის სპეცდანიშნულების რაზმების ყველაზე დიდი მხარდაჭერი იყო.

"თუ ვინმემ რაიმე გააკეთა სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, ვარ მე, თუ რომელიმე სამინისტროში იყო ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ვიყავი და ვარ მე. სპეცდანიშნულების რაზმები და მათი ბაზები იყო მძიმე მდგომარეობაში. მე ვიყავი ის მინისტრი, რომელმაც თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყე პროექტების განხორციელება. მე გავაკეთე ისეთი რაღაცები, რაც თქვენ 9 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ. ამუნიციაც მე შევიძინე, იარაღებიც მე შევიძინე, ძალიან ბევრი გავაკეთე, რაც თქვენ 9 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ, მაგრამ თქვენ უსირცხვილოდ გამოდიხართ და მეუბნებით, რომ მე თურმე სპეცდანიშნულების რაზმებს ვებრძვი. ეს არის ცინიზმი, ეს არის ტყუილი. თქვენ წარმოადგენთ წინა ხელისუფლებას, რომელმაც დააპატიმრა ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც უკანონოდ ამყოფეთ ციხეში. ჩემი ოჯახის წევრის მსგავსად, თქვენ გაასამართლეთ 300 ათასი ადამიანი 9 წლის განმავლობაში, თქვენი რეჟიმი იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი", - მიმართა ღარიბაშვილმა უმცირესობას. მისივე თქმით, ვინც ღირსი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ყველა გაათავისუფლა. 

"როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ შევარდნაძის დროინდელი პოლიციელები სამსახურიდან არ გაუშვით, სირცხვილია. რეალურად, რაც მე მაქვს საამაყო, ჩემი თანამშრომლებია და მადლობა მათ. რაც შეეხება სამსახურიდან ხალხის გათავისუფლებას, ვინც ღირსი იყო, ყველა გავათავისუფლე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები