საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ქართულმა ოცნებამ ავტორიტარული რეჟიმი მშვიდობიანად შეცვალა

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს, ახალი ხელმძღვანელობის არჩევას ულოცავს და ექსპრემიერ ივანიშვილს, რომელიც დღეს პარტიული თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა, მადლობას უხდის. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა, რომელსაც ამავე მიმართვაში ის მადლობას უხდის სამოქალაქო გმირობამ უიმედობით მოცულ საზოგადოებაში იმედი გააჩინა.

"კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დიდი როლი შეასრულა ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლაში და შემდგომ, ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესებზე მიმართული, ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაში. მჯერა, რომ პარტიის ახალი ლიდერის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ოცნება გააღრმავებს და გააძლიერებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა დაუდო სათავე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ ოცნებას, მის ყველა წევრს იმ დიდი თანადგომისთვის, რასაც საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიწევდნენ. ვუსურვებ მათ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს დემოკრატიის განმტკიცების, ქვეყნის განვითარებისთვის საქმიანობაში. ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ურთულეს პერიოდში საზოგადოების გაერთიანებითა და ქვეყნის განვითარების კურსის არსებითად შეცვლით მან უკვე დაიკავა გამორჩეული ადგილი საქართველოს ისტორიაში.

ამ შემთხვევაში მე მინდა ვილაპარაკო ბიძინა ივანიშვილზე არა როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის გამარჯვებაში ბიძინამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, არამედ როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ და მადლობა გადავუხადო მას ყველაფრისთვის, რასაც ჩემი სამშობლოსთვის 20 წლის განმავლობაში აკეთებდა. მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ორი წლის წინ მისმა სამოქალაქო გმირობამ იმედი გააჩინა უიმედობით მოცულ საზოგადოებაში, მოქმედების შესაძლებლობა შექმნა დათრგუნული, რეპრერისებული სახალხო ენერგიისთვის და საბოლოოდ ჩვენი საზოგადოება ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გადასვლა თანამედროვე პოლიტიკურ კულტურაში ახალი ფასეულობების, უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების საწინდარია და მე ამაყი ვარ, რომ სწორედ ქართველმა მისცა მსოფლიოს მაგალითი სამშობლოს ასეთი მსახურებისა. ვუსურვებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჯანმრთელობასა და წარმატებებს", - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

კომენტარები