აქცია უკრაინაში

პროევროპული პროტესტის მეხუთე დღე უკრაინაში

პროტეტსის მეოთხე ღამე კიევში, უკრაინა
The Kyiv Post

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქცია დღეს ახალი ძალებით განახლდება. აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ ღამე კიევის ცენტრში, ევრომეიდანზე გაათენა. პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, ღამემ კიევში შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა, სამართალდამცავებთან შეტაკება მოხდა ოდესაში.

Украинская правда ოპოზიციონერ აქტივისტ ვასილ გაცკოზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ ოდესაში კარვები აიღო, აქტივისტები ცემა, სამი მათგანი კი დააკავა.

დღეს კიევში მთავრობის სახლის პიკეტირებაც იგეგმება. აქციის მონაწილეები უკვე დაიძრნენ მთავრობის სახლისკენ, მათი ნაწილი კი კვლავ ქალაქის ცენტრში რჩება.

The Kyiv Post-ს ცნობით, პოლიციასთან დაპირისპირების მიუხდავად, კიევის ცენტრში ათეულობით კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებთან შორიახლოს მთელი ღამე გაატარეს სამართალდამცავებმაც.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია მსოფლიოს ათეულობით ქალაქში გაიმართა, მათ შორის თბილისში, ტორონტოში, სეულში, ნიუ დელიში, ასევე, ევროპისა და აშშ-ს ქალაქებში. სოციალური ქსელებით გავრცელდა ინტერაქტიული რუკა, სადაც ეს საპროტესტო აქციებია აღნიშნული.

21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

ამასთან დაკავშირებით, კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო. 100 000-ზე მეტი უკრაინელი დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა და რადას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გააპროტესტა. BBC-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა სამთავრობო შენობებთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ. საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა.

საპროტესტო აქციას კიევში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოსახლეობაც უერთდება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

პარალელურად, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ხელისუფლების მხარდასაჭერი აქციაც მიმდინარეობს. მონაწილეთა რიცხვი 10 000-ს აღწევს.

კომენტარები