დედაქალაქის თვითმმართველობა

თბილისის მერია დავით ნარმანიას სიცრუის გავრცელებაში სდებს ბრალს

tbilisi.gov.ge

თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, კოალიცია ქართული ოცნების დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელებულ დავით ნარმანიას განცხადებას იმის შესახებ, რომ თბილისში მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მერიიდან გაგზავნილი წერილის საფუძველზე შეჩერდა.

დედაქალაქის მერია განმარტავს, რომ მინისტრის მიერ მოხსენიებული წერილი სამტრედიის ქუჩის მოსახლეთა ნაწილის სურვილს წარმოადგენდა, ხოლო სამინისტროში ის მითითებული პრობლემების გადაჭრისთვის გადაიგზავნა და არა პროექტის გასაუქმებლად. მერია განმარტავს, რომ ხიდის აშენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერტორიებზე მოძრაობის განტვირთვისა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისათვის.

"შესაბამისად, მერიის შესაბამისი სამსახურები პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელება თბილისის მერიასთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, გაურკვეველი მიზიზების გამო შეჩერდა. მინისტრი კი სხვა უწყებებზე გადაბრალებითა თუ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელების გზით ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რადგან არ გააჩნიათ ზუსტი და არგუმენტირებული პასუხი თუ რატომ შეაჩერეს ქალაქისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება", - აღნიშნავენ მერიაში.

კომენტარები