მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

სუბარი: კომისიის შექმნა არავის არ გადაუფიქრებია

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა არავის გადაუფიქრებია და ამაზე ტყუილად ღელავენ. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სუბარმა ჟურნალისტებს უთხრა, 22 პატიმარი შიმშილობს, თუმცა ის პირადად ეუბნება ყველას, რომ კომისიის შექმნა არავის გადაუფიქრებია. 

"კომისიის მუშაობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ფინანსურ საკითხებთან, რაღაც დეტალები უნდა დაზუსტდეს. შესაძლოა, გარკვეული კომისიაც შეიქმნას, რომელიც იმუშავებს არა იმდენად კანონპროექტზე, არამედ იმაზე - შემდგომ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ტყუილად ღელავენ, არავის არ გადაუფიქრებია ამ კომისიის შექმნა", - თქვა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ყველაფერს სჭირდება გააზრებული დაგეგმვა. 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებითაც, მთავრობას ხარვეზების დამდგენი კომისიის იდეაზე უარი არ უთქვამს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი განცხადებები, რომ კომისიის შექმნის იდეა უარყოფილია, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, ხარვეზების დამდგენი კომისიის საკითხი ერთ-ერთ წინა მთავრობის სხდომაზე დეტალურად განიხილეს.  

"როგორ შეიძლება ვინმემ უარყოს იდეა, რომ არის ბევრი უკანონო განაჩენი და რომ ეს განაჩენები არის გადასახედი. მე გუშინ აღვნიშნე, რომ დროებით შეჩერდა, რათა მოხდეს გათვლა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით. კიდევ რაღაც დეტალებია დასახვეწი. ეს პროექტი მოამზადა იუსტიციის სამინისტრომ და შემდეგ ჩვენ სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან გავიარეთ კონსულტაციები რამდენჯერმე. კონსულტაციები ჩატარდა ექსპერტებთან, არასამთავრობოებთან და ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა. დღეს ეს პროექტი მზად არის, მაგრამ მთავრობას სჭირდება უფრო მეტი დრო, რომ შედეგებზე იმსჯელოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ეკონომიკურ შედეგებს განიხილავენ. წულუკიანის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, "რა ტემპს აიღებს მთავრობა იმისათვის, რომ პარლამენტს გადაეგზავნოს შესაბამისი კანონპროექტი". 

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ კომისიის შექმნამ ქვეყანა შესაძლოა ფინანსურად და ეკონომიკურად დააზარალოს.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადება დღეს უარყოფითად შეაფასეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა. მათთვის  მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომიისიის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადება მიუღებელია. 

ამასთან, დღეს ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თეა წულუკიანის განცხადების გამო, მასობრივი შიმშილობა დაიწყო. კაკაბაძის თქმით, პატიმრები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მოქმედმა პარლამენტმა სამართლიანობის აღდგენა და დაპირების შესრულება ვერ შეძლო.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის თქმით კი, ციხეებში მასობრივი შიმშილობა არ დაწყებულა. მისი ინფორმაციით, მოშიმშილეთა რაოდენობა იმდენია, რამდენიც სხვა დროსაც დაფიქსირებულა. გიორგაძის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 22 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის 15 - უკანონო განაჩენის გადახედვის მოთხოვნით. 

კომენტარები