მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია

საია: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა არ უნდა გადაიდოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მათთვის დაუშვებელია როგორც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადება, ასევე ის მიზეზები, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. საია-ს  შეფასებით, ცალსახაა, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით არსებობდა და დღემდე პრობლემად რჩება უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებებით გამოწვეული უფლებადარღვევის ფაქტები. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში წერია, ეს თავად სახელმწიფოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ აღიარა, როცა 2012 წლის 5 დეკემბერს გამოსცა დადგენილება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ და აიღო ვალდებულება ამ პირთათვის შეექმნა „სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები“.

"მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებთან ასევე დაკავშირებულია უკანონო პატიმრების თემა. ეს პრობლემა პარლამენტის მიერ განხორციელებული ამნისტიის შედეგად არ ამოწურულა. საია-ში საპატიმრო დაწესებულებებიდან შემოსული წერილების საფუძველზე ირკვევა, რომ არაერთი ადამიანი, ვინც დღემდე საპატიმროში იმყოფება, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ზოგიერთს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, მათ არც ამნისტია და არც შეწყალება შეეხოთ. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ათასობით საჩივარია შესული წინა წლებში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გამოძიებისა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირების მოთხოვნით. თუმცა, გამოძიება ამ საკითხებზე ეფექტურად დღემდე არ მიმდინარეობს. მრავალი ადამიანისათვის სათანადო სამართლებრივი მექანიზმის შექმნა სამართლიანობის აღდგენის, მათ შორის უკანონო პატიმრობის დასრულების პრაქტიკულად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ამ რეალობის გათვალისწინებით, დაუშვებელია სახელმწიფომ იგნორირება გაუკეთოს აღნიშნულ პრობლემას, მით უმეტეს, რომ ამ პრობლემის არსებობას სახელმწიფო თავად აღიარებს" - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციისთვის მიუღებელია მთავრობის ის არგუმენტი, რომელსაც კომისიის შექმნის გადავადება დაეფუძნა.

"ვერც ერთი პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოქალაქე თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვერ დარჩება გულგრილი იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც სახელმწიფოს აქვს. ვაცნობიერებთ, რომ ახალ ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევის მასშტაბებით მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რაც სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან რესურსებს (მათ შორის ფინანსურს) მოითხოვს. მაგრამ არსებული გამოწვევების „მოგვარება“ სამართლიანობის ხარჯზე შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და დაცულ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებთან და თავისუფლებებთან, რომელთა უზრუნველყოფაც სახელმწიფოს უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს და ფინანსური რესურსის გაღება ამ ვალდებულების შესასრულებლად ნამდვილად ღირს. სხვაგვარი მიდგომა წაახალისებს და დააკანონებს უსამართლობას, ხელყოფს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა დასაცავადაც იქმნება ზოგადად სახელმწიფო. გარდა ამისა, გაუგებარია, რა გათვლებისა და რა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მივიდა მთავრობა იმ დასკვნამდე, რომ კომისიის შექმნა მოცემულ ეტაპზე სახელმწიფოს არ შეუძლია. მთავრობამ არც ის განმარტა თუ კონკრეტულად რა ფინანსური რესურსის გაღებას მოითხოვს ეს საკითხი სახელმწიფოსგან. გაუგებარია ისიც, თუ რატომ გახდა საჭირო ერთ წელზე მეტი დრო იმისთვის, რომ ხელისუფლება ამ დასკვნამდე მისულიყო და ისიც, თუ ბოლო დღეებამდე რატომ ისმოდა მუდმივი დაპირება, რომ კომისია შეიქმნებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, შესაბამისი პროცედურული ნორმების გამო, ფულადი ანაზღაურების გაცემის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე ისედაც მხოლოდ კომისიის ამოქმედებიდან გარკვეული დროის (დაახლოებით 2 წლის) შემდეგ შეიძლება დამდგარიყო და არა უახლოეს მომავალში" - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ორგანიზაციის შეფასებით, ერთია სახელმწიფოს ვალდებულება, სათანადო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით პასუხი გასცეს კითხვას დაირღვა თუ ამა თუ იმ პირის უფლებები, ხოლო მეორეა უფლებადარღვევის მსხვერპლს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია.

"მაშინ როცა შესაძლებელია მეორე ვალდებულების შესრულება დროში გადავადდეს და გარკვეულ დათქმებს დაექვემდებაროს, დაუშვებელია ანალოგიური მიდგომა პირველი ვალდებულების მიმართ. ზოგჯერ, გადადებული სამართალი - წართმეული სამართალია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ უფლებადარღვევის მსხვერპლთათვის ხშირად არსებითი მნიშვნელობა საქმეზე სიმართლის დადგენას აქვს, ხოლო ფინანსური ფაქტორი, რიგ შემთხვევებში, მათთვის მხოლოდ მეორეხარისხოვანია. სამართლიანი სასამართლოს უფლება, ისევე როგორც უკანონო პატიმრობისაგან თავისუფლების უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც აღიარებს და იცავს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო სამართალი" - აღნიშნავს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკითხის სამართლებრივი მხარის გარდა, გადაწყვეტილების პოლიტიკურ მხარეზეც საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდეგაც ერთ-ერთ უმთავრეს დაპირებას წარმოადგენდა „უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებათა შედეგების აღმოფხვრა“ და „ათასობით უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად მათი საქმეების გონივრულ ვადებში გადასინჯვა.

"პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას, ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი (განურჩევლად იმისა, არის ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში) ვალდებულია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მოქალაქეებისათვის დაპირების მიცემას. პასუხისმგებლობა, მათ შორის, გულისხმობს დანაპირების შესაძლო ფინანსური და ეკონომიკური შედეგების არა პოსტ-ფაქტუმ, არამედ წინასწარ შესწავლას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას, გააანალიზოს თუ რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს ზემოაღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, შეიმუშაოს კომპენსაციის გონივრულ ვადაში გაცემის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების დროში გაწერილი გეგმა და თავისი ძალისხმევა მის შესასრულებლად მიმართოს" - აცხადებს საია.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს გუშინ უთხრა, კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ კომისიის შექმნამ ქვეყანა შესაძლოა ფინანსურად და ეკონომიკურად დააზარალოს. იუსტიციის მინისტრის თქმით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი რამდენიმე თვეა მზად არის და მას მხოლოდ პარლამენტში გაგზავნა სჭირდებოდა.

"ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ. კომისიის შექმნას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილად არის გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ. თუ ადამიანს გაამართლებ, მას გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. სწორედ ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩათვალა მთავრობამ, რომ ამ კომისიის შექმნა ამ ეტაპზე ნაადრევია", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, როგორც კი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად იქნება, კომისიის შექმნის საკითხი იმ წერტილიდან დაიძვრება, სადაც გაჩერდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, პარლამენტი დაამტკიცებს, უფლებამოსილი იქნება გადასინჯოს სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს, ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ მომზადებული კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ "არამოსამართლეების მიერ სასამართლო ხარვეზების განხილვის იდეა აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამრთლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული". კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.

კომენტარები