თორნიკე ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: რუსეთში თამაშს გამოვრიცხავ

news.yahoo.com

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც კონტრაქტით დონეცკის შახტარს ეკუთვნის, კვირის პალიტრასთან ბოლო პერიოდის აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

ოქრიაშვილმა უარყო უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სანაკრებო პაუზის შემდეგ, ილიჩევეცში (სადაც ის შახტარს ჰყავდა განათხოვრებული) ერთი თვის განმავლობაში არ გამოჩენილა.

"ილიჩევეცში ჩემი იჯარის ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა და კლუბს მშვიდად, უკონფლიქტოდ დავშორდი. პირიქით, მწვრთნელმა ისიც კი მითხრა, შესაძლოა, დონეცკელებმა შენი მარიუპოლში დაბრუნება ისევ გადაწყვიტონ, მაგრამ ჩვენი კლუბისთვის უკვე გადაზრდილი ხარ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა აქ აღარ დაბრუნდე და უკეთეს გუნდში მოხვდეო", - აცხადებს ოქრიაშვილი.

ფეხბურთელმა საკუთარ მომავალზე საუბრისას განაცხადა, რომ მისით რამდენიმე უცხოური კლუბია დაინტერესებული და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში თამაშს არ აპირებს.

"თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვალ და სანამ ახალი კლუბი გამოჩნდება, სამშობლოში ვივარჯიშებ. ჩემი მენეჯერი ბესო ჩიხრაძე სულ მეუბნება, რომ არ ვიჩქარო. ჰოლანდიური, პორტუგალიური, რუსული კლუბები არიან დაინტერესებული. თუმცა, რუსეთში თამაშს გამოვრიცხავ", - ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.

 

კომენტარები