იარაღის უკანონო ტარება

პოლიციამ არარეგისტრირებული იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლევან ც. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის რენოს მარკის ავტომანქანა გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანაში მყოფი მგზავრის – ლევან ც-ს ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მანქანიდან გადმოსვლა სთხოვეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი გარეგნული დათვალიერებისას საქამრეში ცეცხლსასროლი იარაღი შენიშნეს, რომელიც არარეგისტრირებული აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ლევან ც. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები