ხარშილაძის საქმე

გივი თარგამაძე: სასამართლოს აკონტროლებს თამაზაშვილის კრიმინალური ჯგუფი

Givi Targamadze
Tabula

ის, რაც იყო გამოყენებული მტკიცებულებად კობა ხარშილაძის საქმეში არ შეიძლებოდა საერთოდ რამედ ყოფილიყო გამოყენებული. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ რუსთავი 2-ზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ კობა ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეუფარდა. მტკიცებულებად გამოყენებული იყო ბილეთის ჯავშანი, რომლის მიხედვითაც, ხარშილაძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

„ჩვენ სულ რაღაც 15 წუთში, კომპიუტერთან ურთიერთობით, ერთ-ერთ ტურისტულ საიტზე დავუჯავშნეთ ბილეთი თბილისი-კიევი-მიუნხენი ბატონ ფარცხალაძეს. დავუჯავშნეთ მის საყვარელ აუგსბურგში - დანაშაულის ადგილზე სასტუმრო და ამას არ დასჭირდა არანაირი განსაკუთრებული მონაცემები, მხოლოდ სახელის და გვარის მითითება და სულ 15 წუთი კომპიუტერთან ურთიერთობის“, - აღნიშნა თარგამაძემ.  მისი თქმით, ასეთივე ბილეთი აქვს დაჯავშნული თვითონ იმ პროკურორსაც, ვინც ხარშილაძის საქმეზე იყო წარმოდგენილი.

გივი თარგამაძის თქმით, როდესაც ადამიანის დაკავება ხდება ასეთი უსაგნო მტკიცებულების საფუძველზე, ეს საგანგაშო სიგნალია - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ქვეყნის პრემიერმინისტრი მოითხოვს, რომ ეს ადამიანი ნებისმიერი საბაბით მოხვდეს ციხეში და მას მართლა აპატიმრებენ.

„ეს არის საგანგაშო სიტუაცია ვინაიდან, თუ ასეთი საფუძვლით შეიძლება ადამიანის დაკავება, ეს ნიშნავს რომ პრაქტიკულად საფრთხე ემუქრება არა რომელიმე ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ამ ხალხს თვალში არ მოუვა უბრალოდ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე საბოლოოდ კრიმინალური წარსულის რუსმა ოლიგარქმა მოიყვანა ქვეყნის სათავეში თამაზაშვილის კრიმინალური დაჯგუფება და ამ დაჯგუფებამ დღეისათვის მოახერხა და გაარღვია უკვე სასამართლო სისტემაც, დაეუფლა მას და პრაქტიკულად აქვს მთელი სამართლებრივი სივრცე უზურპირებული“,  - აღნიშნა თარგამაძემ.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა იმის გადამოწმებას, თუ როგორ და ვინ დაჯავშნა სინამდვილეში ბილეთი. „როდესაც მას ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ორჯერ ორია რომ საზღვარზე არ გადაუშვებენ და როდესაც სააპელაციო სასამართლო პროკურატურის ასეთ წარდგენას აკმაყოფილებს, ბუნებრივია, რომ ის არის აბსოლუტურად გარღვეული და მას აკონტროლებს თამაზაშვილის კრიმინალური ჯგუფი“, - აღნიშნა თარგამაძემ.

კომენტარები