სასამართლოს დამოუკიდებლობა

კუბლაშვილი: პრემიერის განცხადების გამო, იმედია, ჩემი ძმა პარლამენტიდან არ წავა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, "იმას, რომ ვიღაცის ძმა და ნათესავები, სადღაც ერთ უწყებაში მუშაობენ, ნამდვილად არავითარი კავშირი არ აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან". კუბლაშვილმა ეს განმარტება პრემიერმინისტრის საპასუხოდ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა პოზიციაში თქვა, რომ არავის უჩნდება შეკითხვა, როგორ შეიძლება სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალი იყოს მაშინ, როცა მას მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ძმა ხელმძღვანელობს.

"პრემიერის ამ განცხადების გამო იმედი მაქვს, ჩემი ძმა პარლამენტიდან არ წავა. ამით თუ უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობა, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, ეს სწორი განცხადება არ იყო. მთავარია, გარედან არ იყოს ზეწოლა სასამართლოზე. პირველ რიგში, ეს სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას - პროკურატურას და საერთოდ ყველას ეხება, ვისაც გარედან გარკვეული კავშირი აქვს სასამართლოსთან. ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ასეთი ჩარევები, რაც ადრე იყო და რაც აშკარა იყო, აბსოლუტურად უნდა მოიხსნას", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ყველა დაინახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ყველას კარგად დაანახა, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო. ვფიქრობ, ის, რომ ვიღაცის ძმა და ვიღაცის ნათესავები, სადღაც ერთ უწყებაში მუშაობენ და ა.შ, არავითარ კავშირში არ არის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულ მოსამართლეებზე მთელი წლის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა. 

"ჩემთან დაკავშირებით ამბობენ ხოლმე რაღაც სისულელეებს, თითქოს ნეპოტიზმით ვარ დაკავებული და ახსენებენ გენინსპექციის უფროს ზვიად ჯანყარაშვილს. ამ დროს ავიწყდებათ, რომ პალიკო კუბლაშვილი არის კოტე კუბლაშვილის ძმა. არასდროს არავის, არც სამოქალაქო სექტორს, არც ოპოზიციას არ გასჩენია არავითარი დისკომფორტი, როგორ შეიძლება სასამართლო იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, როცა სასამართლოს თავმჯდომარეა მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ძმა. ეს ავიწყდებათ და ამ დროს ახსენდებათ ჩემი ცოლის ნათესავი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა გადაცემა პოზიციაში.

კომენტარები