სასამართლოს დამოუკიდებლობა

World Economic Forum: საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა 24 ადგილით გაუარესდა

columbia.edu

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველომ საკუთარი პოზიცია 8 ადგილით გაიუარესა. ახალი ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზე იმყოფება. 

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმის შეფასებით, საქართველომ რიგი მიმართულებით პოზიცია გაიუარესა. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კრიტერიუმში საქართველო 137 ქვეყანას შორის 87-ე ადგილზეა, რაც წინა წლის ინდექსში არსებულ 63-ე ადგილთან შედარებით 24 ადგილით ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, საქართველოს სასამართლოს სისტემის სანდოობა გასული ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა.

წლების მიხედვით კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიცია ასე იცვლებოდა:

  • 2016–2017 წლის ინდექსი ........................... 59 ადგილი ..... 4.3 ქულა
  • 2014–2015 წლის ინდექსი ........................... 69 ადგილი ......4.2 ქულა
  • 2013–2014 წლის ინდექსი ........................... 72 ადგილი ......4.2 ქულა
  • 2012–2013 წლის ინდექსი ........................... 77 ადგილი ......4.1 ქულა

ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციების მიმართულებით აქვს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის რეიტინგში 118-ე ადგილზე იმყოფება (შარშან 116-ზე იყო). დაბალი ინოვაციების დონე კომპანიების მხრიდან საკმაოდ დაბალ კვლევის მაჩვენებელს (R&D), უნივერსიტეტების მხრიდან კვლევაზე დახარჯულ მცირე თანხებსა და ქვეყანაში კვალიფიციურ ინჟინერთა და მეცნიერთა მცირე რაოდენობას უკავშირდება. ინოვაციების მიმართულებით საქართველოს სარეიტინგო ქულა 2.8 არის.

ზოგიერთი კრიტერიუმის მიხედვით საქართველოს შედეგები ასე გამოიყურება:

  • საკუთრების უფლებები - 46-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა - 87-ე ადგილი, გაუარესება 24 ადგილით
  • ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში - 57-ე ადგილი, გაუარესება 12 ადგილით
  • მთავრობის გამჭვირვალობა - 46-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
  • გადასახადების დონე - 8-ე ადგილი, გაუმჯობესება 1 ადგილით
  • დაბალანსებული ბიუჯეტი - 40-ე ადგილი, გაუარესება 16 ადგილით
  • ინფლაცია - 1 ადგილი, გაუმჯობესება 79 ადგილით
  • მთავრობის ვალი - 59-ე ადგილი, გაუარესება 3 ადგილით
  • ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი - 81-ე ადგილი, გაუმჯობესება 2 ადგილით
  • დაწყებითი განათლების ხარისხი - 106-ე ადგილი, გაუარესება 13 ადგილით
  • სკოლების ინტერნეტიზაცია - 68-ე ადგილი, გაუმჯობესება 5 ადგილით
  • სამუშაო ძალის კვალიფიკაცია -125-ე ადგილი, უცვლელია
  • ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა 112-ე ადგილი, გაუმჯობესება 2 ადგილით

World Economic Forum-ის მონაცემებით, 137 ქვეყნიდან ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს შვეიცარიას, აშშ-ს, სინგაპურს, ნიდერლანდებს, გერმანიას, ჰონკონგს და შვედეთს. ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია იემენი, მოზამბიკი, ჩადი და ლიბერია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით საქართველოს მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ინსიტუტების გაძლიერება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შრომითი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდა.

კომენტარები