სასამართლოს დამოუკიდებლობა

ღარიბაშვილი: მოსამართლეზე ჩემი ნათქვამი არასამთავრობოებმა არასწორად გაიგეს

ტაბულა

მოსამართლესთან დაკავშირებით ჩემი ნათქვამი არასამთავრობოებმა არასწორად გაიგეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მოსამართლეზე თავდასხმა სახიფათო პრეცედენტადაა შეფასებული.

„ჩემი განმარტება ალბათ ზედმეტია ამასთან დაკავშირებით, მე გუშინ გავაკეთე კომენტარი. ჩვენ საქმიანობას თუ გადახედავთ, არცერთი შემთხვევა არ არის როცა ჩვენ სასამართლოს საქმიანობაში ჩავერიეთ. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. მე მაინტერესებს, რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ლოგიკური შეკითხვა ვინაიდან დღეს, საფრთხის წინაშე დგას 2500 ადამიანი, 2500 ოჯახი. მე როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრს უნდა მაწუხებდეს ეს და აქედან გამომდინარე ჩემი წუხილი გამოვხატე. ძალიან გთხოვთ და ყველას მოვუწოდებ, არასამთავრობოებს განსაკუთრებით, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხი არასწორად იქნა გაგებული. ისე არ არის, რომ მე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვთხოვე ჩაერიოს. მე ძალიან კარგად ვიცი როგორც ხდება, მაგრამ არსებობს დისციპლინარული კომისია და სხვა საშუალებები, რომლითაც შეიძლება ამის გარკვევა, თუ რატომ მოხდა მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილების მიღება. ეს ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნე, ჯანსაღ ადამიანში ბადებს ეჭვს, რომ ამის უკან ხომ არ დგას რაიმე კორუფციული ინტერესი“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები