თავშესაფარი მიუსაფართათვის

უჩა ნანუაშვილი: დროებითის კვალობაზე, ეს თავშესაფარი დამაკმაყოფილებელია

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე თავშესაფარში დამაკმაყოფილებელი პირობებია. ამასთან, მისი რეკომენდაციაა, უფრო გრძელვადიანი თავშესაფრები გაკეთდეს.

"მე დღეიდან თავშესაფრის მონიტორინგს ვიწყებ. გვინდა, შევამოწმოთ აბსოლუტურად ყველაფერი. საუბარია როგორც კვებაზე, ასევე იმაზე თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი გათბობა, ხოლო სანიტარული და ჰიგიენური წესები - დაცული. ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ კეთდება მაქსიმუმი, პირობები საკმაოდ კარგია, მაგრამ ეს მაინც დროებითია. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ქვეყანაში გაცილებით უკეთესი დროებითი თავშესაფარი არსებობდეს, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს ყველა სერვისი. დროებითის კვალობაზე, ეს თავშესაფარი დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოსკოვის გამზირზე მდებარე თავშესაფარი მოინახულეს. დღეს ომბუდსმენისწარმომადგენლები თბილისის მიუსაფართა თავშესაფრის შემოწმება დაიწყეს. ამის მიზეზი რეგიონებში მსგავს საცხოვრისებში შექმნილი მძიმე პირობები გახდა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილ თავშესაფრებში ანტისანიტარიაა და ხშირად ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების ნივთებიც არ აქვთ.
ბოლო დღეების მანძილზე, მიუსაფართა თავშესაფრებში ორი ადამიანი გარდაიცვალა. მოსკოვის გამზირზე მოწყობილი თავშესაფრიდან კი, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საავადმყოფოში რვა ადამიანია გადაიყვანეს. თავშესაფარში ისევ იმყოფება 180-მდე ბენეფიციარი.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. დროებითი თავშესაფრები (კარვები) თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გაიხსნა.

 

კომენტარები