თავშესაფარი მიუსაფართათვის

ჯანდაცვის სამინისტრო: 50 ბენეფიციარიდან დასაქმების სურვილი 15-მა გამოთქვა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიუსაფართა თავშესაფრის 50 მობინადრიდან დასაქმების სურვილი 15-მა გამოთქვა, საიდანაც 3 უკვე დასაქმდა. სამინისტროს ინფორმაციით, ყოველდღიურად - დილით და საღამოს აღრიცხავენ ბენეფიციარებს, ამასთან, თავშესაფრის მობინადრეებს აქვთ ორჯერადი კვება, საჭმელი კი გაიცემა ერთჯერადი ჭურჭლით.

"დღეში ერთხელ ხდება ფინანსთა სამინისტროს და ფიზიკური პირების მიერ შემოწირული ტანსაცმელის განაწილება. ისეთი ნივთები კი, რომლის შემოწირულობაც არ ხდება, მაგალითად, წინდების, კათარზისის უზრუნველყოფით ურიგდებათ”, - განმარტავენ სამინისტროში.

რაც შეეხება სანიტარიას, უწყების განცხადებით, დღის განმავლობაში, ყოველ 15 წუთში ერთხელ ხდება საპირფარეშოების დეზინფექცია და დასუფთავება.

”რაც შეეხება აბანოს, დამყარდა ურთიერთობა დროებითი თავშესაფრის ახლოს მდებარე აბანოსთან, რომლითაც ამ დროისთვის ისარგებლა 150-მა ბენეფიციარმა. მოწყობილია აბანო ადგილზეც, რომლითაც სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. გარდა ამისა, მოწყობილია მედპუნქტი და დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს ექიმი”, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ ტერიტორია შემოღობილია, გაკეთდა შლაგბაუმი, ასევე კონტროლდება ალკოჰოლური სასმელების შეტანა.

დღეის მონაცემებით, დროებით თავშესაფარში 177 მობინადრე იმყოფება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში მიუსაფართა თავშესაფართან დაკავშირებით, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი, მინისტრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. 

"შეხვედრის მიზანია დროებითი თავშესაფრების მართვის წესდების წარმოდგენა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორისთვის", - აცხადებენ უწყებაში.

გუშინ, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა თბილისის მიუსაფართა თავშესაფრის შემოწმება დაიწყეს. ამის მიზეზი რეგიონებში მსგავს საცხოვრისებში შექმნილი მძიმე პირობები გახდა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილ თავშესაფრებში ანტისანიტარიაა და ხშირად ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების ნივთებიც არ აქვთ. ბოლო დღეების მანძილზე, მიუსაფართა თავშესაფრებში ორი ადამიანი გარდაიცვალა. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე თავშესაფარში დამაკმაყოფილებელი პირობებია. ამასთან, მისი რეკომენდაციაა, უფრო გრძელვადიანი თავშესაფრები გაკეთდეს.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. დროებითი თავშესაფრები (კარვები) თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გაიხსნა.

კომენტარები