თავშესაფარი მიუსაფართათვის

მიუსაფართა თავშესაფარი მოსკოვის პროსპექტიდან დიდი ლილოს ტერიტორიაზე გადავა

დავით ნარმანია
RFE/RL

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ინფორმაციით, მიუსაფართა თავშესაფარი მოსკოვის პროსპექტიდან დიდი ლილოს ტერიტორიაზე გადავა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა, თავდაპირველად, დიდი ლილოს ტერიტორიაზეც კარვები იქნება, ხოლო მას შემდეგ, რაც აშენდება კონსტრუქციული ნაგებობა, მიუსაფარი ადამიანები იმ შენობაში შესახლდებიან. 

"მთავარი გადაწყვეტილება, დღეს რაც მივიღეთ, არის ტერიტორიის საკითხი, სადაც გადავა კარვების ქალაქი. კარვებს გადავიტანთ და, პარალელურ რეჟიმში იქნება იმავე ტერიტორიაზე შესაბამისი მშენებლობის პროცესი, ეს არის დიდი ლილოს ტერიტორია. ძირითად კრიტერიუმებს ეს ტერიტორია აკმაყოფილებს", - თქვა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ კარვებს დიდი ლილოს ტერიტორიაზე მინიმალურად აუცილებელი კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ გადაიტანენ.

"გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ კომუნიკაცია", - განაცხადა ნარმანიამ.

მინისტრის თქმითვე, იქ მიუსაფართათვის მარტივი კონსტრუქციის ნაგებობის მშენებლობა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დასრულდება.

"შენობის ტიპიდან გამომდინარე, მშენებლობა იქნება მარტივი და შესაძლოა, მიუსაფარი ადამიანებიც ჩაერთონ", - დასძინა ნარმანიამ.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. დროებითი თავშესაფრები (კარვები) თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გაიხსნა.

იანვარში, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა თბილისის მიუსაფართა თავშესაფრის შემოწმება დაიწყეს. ამის მიზეზი რეგიონებში მსგავს საცხოვრისებში შექმნილი მძიმე პირობები გახდა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილ თავშესაფრებში ანტისანიტარიაა და ხშირად ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების ნივთებიც არ აქვთ. მიუსაფართა თავშესაფრებში ორი ადამიანი გარდაიცვალა. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე თავშესაფარში დამაკმაყოფილებელი პირობებია. ამასთან, მისი რეკომენდაციაა, უფრო გრძელვადიანი თავშესაფრები გაკეთდეს.

კომენტარები