პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე

უსუფაშვილი: პერსონალური მონაცემები არის მოქალაქეების კუთვნილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საჯარო დაწესებულებებში უნდა გაიაზრონ, რომ მოქალაქეების შესახებ მათ ხელთ არსებული მონაცემები არის მოქალაქეების და არა სახელმწიფოს კუთვნილება. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პერსონალური მონაცემთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"დღეს, ჩვენ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღვნიშნავთ პერსონალური მონაცემების დაცვის დღეს. ამ ღონისძიებით ყველა ერთად მივანიშნებთ იმაზე, რომ თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა პირადი, კერძო ცხოვრების დაუცველობა იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ხელში აღმოაჩნდა ძალიან ბევრი ინფორმაცია თითოეულ ჩვენგანზე, რომელსაც ხშირად ბოროტად იყენებენ. დღევანდელ დღეს შევხვდით კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც შეესაბამება ევროპულ კონვენციას. ჩვენ ამ დღეს შევხვდით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორით. მაგრამ, დღეევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა, რათა ყველა საჯარო დაწესებულებამ გაიაზროს, რომ მოქალაქეების შესახებ მათ ხელთ არსებული მონაცემები არის მოქალაქეების და არა სახელმწიფოს კუთვნილება. არ უნდა იყოს იმის განცდა, რომ, რომელიმე საჯარო დაწესებულება გაასაჯაროებს ჩვენს მონაცემებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან პირადი ცხოვრების შესახებ", - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს თემა საქართველოში განსაკუთრებით მტკივნეულია ბოლო ხანებში გამომზეურებული მასალების გამო.

"ირკვევა, რომ იმ დღეებში, როდესაც სახელმწიფოს ერთ დაწესებულებაში იქმნებოდა კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, მეორე უწყებაში ხდებოდა იმ ვიდეომასალების შექმნა და დაარქივება, რომელზეც მოქალაქეების პირადი ცხოვრება იყო დაფიქსირებული; ეს დაუშვებელია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ერთად იმუშავებენ ამ მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესებაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის კონსოლიდაცია და ჰარმონიზაცია განიხილეს. ასევე, გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე მიწვეულები არიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესება მიგრაციის მართვის სფეროში" პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები