პატიმართა უფლებები

ომბუდსმენი 6 პატიმრის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ითხოვს

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უზრუნველყოს #6 საპყრობილეში ბრალდებულების ზ.კ-ის, ა.ი-ის, შ.ჭ-ის, ა.გ-ის, ნ.დ-ის და გ.ნ-ის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ პირობებში მოთავსება. ასევე, მათ მიერ სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით შეუფერხებელი სარგებლობა და განიხილოს მათი საკანში მარტო ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი, რათა ისინი არ დაექვემდებარონ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, 2014 წლის 22 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ იქ მყოფ ბრალდებულებს ზ.კ-ს, ა.ი-ს, შ.ჭ-ს, ა.გ-ს, ნ.დ-ს და გ.ნ-ს. ასევე, შეამოწმეს მათი საცხოვრებელი და სხვა პირობები.

ბრალდებულებთან გასაუბრებისა და მათი საცხოვრებელი საკნების დათვალიერების დროს გაირკვა, რომ საკნების კედლები, რომლებშიც ისინი იმყოფებიან, არის ახლადშეღებილი, რის გამოც ნესტიანია და დაცული არ არის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. საკნების ფანჯრები ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ჰაერის ვენტილაციას, ვინაიდან მათში ჩამონტაჟებულია გისოსების სამი რიგი, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის სისტემა ჩართული არ არის. ნესტიანი კედლების პირობებში, ცენტრალური გათბობის მიუხედავად, საკნებში არის დაბალი ტემპერატურა, რადგან არასაკმარისი ვენტილაციის გამო ბრალდებულები თავს იკავებენ ფანჯრების დახურვისგან.

ბრალდებულებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებთან საუბრის დროს განაცხადეს, რომ ზემოაღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, აწუხებთ უჰაერობა, #6 დაწესებულებაში არ არიან უზრუნველყოფილი გასეირნების უფლებით და საკნებში იმყოფებიან მარტო, სხვა პირებისგან იზოლირებულად. ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფითად მოქმედებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რაც გამოიხატება უძილობაში, შფოთვასა და ადვილად გაღიზიანებაში. ზოგიერთ მათგანს მიყენებული აქვს თვითდაზიანება, რის მიზეზადაც არასათანადო პირობებში მოთავსებას ასახელებენ.

კომენტარები