პატიმართა უფლებები

სახალხო დამცველი: ბათუმის №3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრობლემებია

ombudsman.ge

სახალხო დამცველი ბათუმის 3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, პატიმრების მხრიდან პროტესტი უკავშირდება 3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ამასთან, ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს 16 პატიმარი, რამდენიმე პატიმარს მიყენებული აქვს თვითდაზიანება, სამი პატიმარი ეტაპირებულია სასჯელაღსრულების 7 დაწესებულებაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები. ეტაპირებულ ორ მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებაში არსებული პირობების გამო მიღებული აქვთ მრავლობითი თვითდაზიანება, ხოლო მსჯავრდებული გ.კ მის მიმართ რამდენიმე თვის წინ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამ დროისთვის მსჯავრდებულებს ადგილზე უტარდებათ საჭირო სამედიცინო პროცედურები.

სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე საუბარია 3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე.

„პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არსებობს ვენტილაციის, წყლის მომარაგების პრობლემა, არ მოქმედებს არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა და არ გამართულა არცერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა. სამარტოო საკნებში არ არის ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პირობები. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად“ - წერია განცხადებაში.

22 ნოემბერს სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ერთ-ერთმა პატიმარმა არაადამიანური მოპყრობის გამო, თვითდაზიანებები მიიყენა.

კომენტარები