ბერი გაბრიელი

შსს-მ სამების ტაძართან წესრიგის დაცვის მიზნით, უსაფრთხოების ზომები მიიღო

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მისვლის მსურველთა დიდი ნაკადის გამო, უსაფრთხოების ზომები მიიღო. კერძოდ, ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებმა ტაძრის დასავლეთ კარიბჭემდე მისასვლელად სამრეკლოს ქუჩით უნდა ისარგებლონ, საიდანაც სამების ცენტრალური შესასვლელიდან რკინის ჯებირებით მოწყობილი უსაფრთხოების დერეფნის გავლით შეძლებენ ტაძართან მისვლას.

ტაძრიდან გამოსვლისას კი, მოქალაქეებმა სამხრეთის კარიბჭის მიმართულებით უნდა იმოძრაონ და სამების ეზო ერისთავის ქუჩის მხრიდან დატოვონ.

შსს-ს ცნობით, ტაძრისკენ მიმავალ ყველა ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება, ხოლო ხალხის ნაკადის მატებისას, შესაძლებელია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ქუჩები პერიოდულად გადაკეტონ.

"იმისთვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაძარში შესვლის მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ", - აცხადებს შსს.

ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილები რამდენიმე დღეა სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. მისი საფლავი 22 თებერვალს გაიხსნა. პატივმიგების ცერემონიალის დროს, წესრიგს პოლიცია და ჯარი იცავდა.

კომენტარები