რეზოლუცია უკრაინაზე

უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დეპუტატები დღესაც იმსჯელებენ

უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დეპუტატები მსჯელობას დღეს გააგრძელებენ. გუშინ საქართველოს პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზოლუცია ვერ მიიღეს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, უმრავლესობას რუსეთთან მიმართებით სიტყვა ”სანქციის” ხმარება არ უნდა.

”მათ არ უნდათ სიტყვა”სანქციების” ხმარება რუსეთთან მიმართებაში, მაშინ როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ სანქციებსა და იზოლაციებზე საუბრობს. არ უნდათ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი იყოს მიბმული ყირიმის ოკუპაციის თემასთან და უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანის თემასთან”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს. 

”ისეთი მრავლისმომცველი ფორმულირებაა გაკეთებული, რომ მე ეჭვი მაქვს, ნაციონალური მოძრაბა საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს, აკეთებს ისეთი თემების წამოწევას, რასაც თავად უკრაინის რადა არ მიიჩნევს არსებულ ვითარებაში პრაგმატულ გადაწყვეტილებად”, - აღნიშნა დეპუტატმა.

პარლამენტის პლენარული  სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა. გუშინ დეპუტატები რეზოლუციის პროექტზე მსჯელობდნენ. საქართველოს პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზოლუცია ვერ მიიღეს.

კომენტარები