პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან

პრემიერი: აშშ-ში დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ჰყავს პროგნოზირებადი ხელისუფლება

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ჰყავს სტაბილური, პროგნოზირებადი ხელისუფლება, რომლის სრული ნდობაც შეიძლება ჰქონდეთ მათ და მთელ ცივილიზებულ სამყაროს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. შესავალ სიტყვაში პრემიერი სტუდენტებს ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობაზე ესაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა "ევროპულ ღირებულებებზე იმიტომ კი არ ლაპარაკობს, რომ ვინმესთან თავს იწონებს ან ვინმეს წინაშე ვალდებულება აქვს", არამედ, იმიტომ, რომ საქართველო ბუნებრივად ყოველთვის მიილტვოდა ევროპისკენ. მისი თქმით, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საერთო ევროპასთან, ჩვენი კულტურა, ჩვენი ღირებულებები. ევროპისკენ მიისწრაფოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. თაობები ოცნებობდნენ სწორედ ამაზე, ამ სურვილზე. ახლა კი, მართლაც ძალიან ახლოს ვართ ამ ოცნების ასრულებისკენ და ჩვენს თაობას წილად გვერგო ბედნიერება ვიცხოვროთ ნამდვილად ევროპულ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ სახელმწიფოში და ეს სახელმწიფო ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს საბოლოოდ გაეხსნება კარი ევროპისკენ.

"ამ საქმეში მთელი ევროპა და დემოკრატიული სამყარო გვერდით გვიდგას. გვაქვს სრული მხარდაჭერა. ამის კიდევ ერთი დასტური იყო ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ჯერ ევროპაში, შემდეგ ამერიკაში. ამერიკელებმა კოლეგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოგვიწყვეს. ყოველ ფეხის ნაბიჯში იგრნობოდა ის პატივისცემა, რომელა გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ - ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დელეგაციის, ჩვენი ხალხის მიმართ. შევხვდი თითქმის ყველა გავლენიან პოლიტიკოსს. ასევე, პრეზიდენტს და ვიცეპრეზინდენტს. პრეზიდენტი ობამა სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს. ვიზიტისას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ჰყავს სტაბილური, პროგნოზირებადი ხელისუფლება, რომლის სრული ნდობაც შეიძლება ჰქონდეთ მათ და მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენს ქვეყანას უყურებენ როგორც საიმედო პარტნიორს და ერთგულ მეგობარს. აშშ-ისგან მივიღეთ დაპირება, რომ დაგვეხმარებიან ყველა მიმართულებით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან დაწყებული ეკონომიკური დახმარებით დამთავრებული, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აშშ-ის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი გულწრფელი მხარდაჭერა და გულთბილი მიღება ძალიან დიდი სტიმულია პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. მათ გვერდში დგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის, ასევე, დაგვეხმარება ევროპისკენ და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

კომენტარები