პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან

ბოკერია: პრემიერის დამოკიდებულება არაკომპეტენტური და უამბიციოა

გიგა ბოკერია
tabula.ge

"ამ დამოკიდებულებით, ასეთი არაკომპეტენტურობით, არაინფორმირებულობით და ამ განწყობით, რა თქმა უნდა, სასაცილოდ დარჩება სამი, თუნდაც ხუთი ან მეტი წლის შემდეგაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ამ ხელისუფლების პირობებში" - ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ "ცოტა სასაცილოა თემის ასეთ დონემდე აწევა, რომ ამერიკა აფორმებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას". გიგა ბოკერიამ ღარიბაშვილის განცხადებას უამბიციო და არაკომპეტენტური უწოდა.

"შეერთებულ შტატებს აქვს უკვე არსებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ოც ქვეყანასთან, მათ შორის არის სხვადასხვა სიდიდის ქვეყნები, მაგალითად, დომენიკის რესპუბლიკა ან ბაჰრეინი. ამასთან, პრემიერმა ბრძანა - "სასაცილოა ასეთი ამბიციის ქონა და წარმოჩენა, რომ ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იყო". ამ დამოკიდებულებით, ასეთი არაკომპეტენტურობით და არაინფორმირებულობით და ამ განწყობით, რა თქმა უნდა, სასაცილოდ დარჩება სამი, თუნდაც ხუთი ან მეტი წლის შემდეგაც, ამ ხელისუფლების პირობებში. ასეთი დამოკიდებულება, უამბიციობა და არაკომპეტენტურობა რომ ყოფილიყო, ვერც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ვერ მივიდოდა იმ ფაზამდე, სადაც დღეს ვართ და რა მემკვიდრეობაც ამ გუნდს დარჩა წარსული ხელისუფლებისგან" - თქვა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას აშშ-ში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორი წლის წინ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო დიალოგი ამერიკის შერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

"უბრალოდ, დიალოგი დაიწყო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ან ხვალ ან ხუთი წლის შემდეგ, ამერიკა აუცილებლად გააფორმებს ჩვენთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას. ამერიკას აქვს მხოლოდ ორთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმებული - ისრაელთან და ევროკავშირთან. ამიტომ, ცოტა სასაცილო იყო ამ თემის ასეთ დონემდე აწევა, რომ ამერიკა აფორმებს საქართველოსთან... საქართველოს ძალიან პატარა ბაზარი აქვს. აქ არაფერი ისეთი არ იწარმოება" - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები