პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან

სტუდენტი პრემიერს: მიჩნდება შეგრძნება, რომ განათლებას აზრი ეკარგება

Reuters

”როდესაც ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის იურისტი, როდესაც გენერალურ პროკურორს ვხედავ დამნაშავედ, უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება”, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე სტუდენტმა მარიამ ქობალიამ განაცხადა.

ქობალიამ პრემიერს შემდეგი კითხვით მიმართა: ”კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, შეიძლება იყოს კარგი ექიმი, როგორ ფიქრობთ?”

ღარიბაშვილმა შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მინისტრები ეფექტურად მუშაობენ.

”თქვენ სხვადასხვა მინისტრის კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ. ამაზე არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ, მე მგონი, ეფექტურად მუშაობენ ეს ადამიანები და რამე კითხვები თუ გაქვთ, მე სიამოვნებით მოვისმენ”, - განაცხადა პრემიერმა.

ამავე შეხვედრაზე სტუდენტმა ირაკლი მურცხვალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები არაკომპეტენტური ხალხითაა გადაჭედილი.

მისი თქმით, ”90-იანებიდან მოყოლებილი დღემდე განუკურნებელი სენია, რომ სახელმწიფო უწყებები ყავის მომდუღებლებით და არაფრის გამკეთებლებითაა გადაჭედილი”.

"საჯარო სამსახურის რეფორმა დავიწყეთ ჩვენ. მე დავნიშნე ახალი უფროსი. ვიცი, რომ ძალიან მწვავედ დგას ეს საკითხი. ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანია სამინისტროებში. მე გთავაზობთ, რომ სტაჟირება დავიწყოთ ფორსირებულად სამინისტროებში, ეს არის საშუალება, რომ არაკომპეტენტური კადრები გამოვლინდება და მათი ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება. ამას ერთ დღეში ვერ გავაკეთებთ. ამას სჭირდება თანმიმდევრულობა. ეტაპობრივად უნდა მოხდეს ჩანაცვლება. ისინი კონკურენციას ვერ გაუძლებენ უბრალოდ, როცა შევა თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდა სამინისტროში და მის ირგვლივ 10 არაკომპეტენტური იქნება, მაშინვე გამოჩნდება რამდენად კომპეტენტურია ეს ადამიანი. მე გთავაზობთ, რომ ეს დავიწყოთ. სტაჟირებით დავიწყოთ. გამოჩნდება თქვენი უნარები, კვალიფიკაციის დონე. მე, პირადად, სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებს. ძალიან ჭირს საქართველოში კვალიფიციური კადრები”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები