პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან

პრემიერი: აშშ-სა და ევროპაში ერთხმად მოიწონეს ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის "კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ჩვენი მეზობელი რუსეთის მიმართ". ამის შესახებ ღარიბაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა.

"იცით, რომ ჩვენ შევცვალეთ პოლიტიკა და დავიწყეთ კონსტრუქციული პოლიტიკის გატარება რუსეთთან. ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ევროპაშიც, ამერიკაშიც. ყველამ ერთხმად მოიწონა ჩვენ მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა შეწუხებულია იმით, რაც ხდება უკრაინაში.

"უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და მართლაც, მე პირადად განვიცდი იმას, რაც ხდება უკრინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას და პატივს ვცემთ მათ არჩევანს ააშენონ ევროპული, დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა. ჩვენ ვგმობთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ნებისმიერ ხელყოფას. ეს არის ჩვენი მტკიცე, მეგობარი ქვეყნის პოზიცია. და არ ვაპირებ, რომ ვინმეს გავეჯიბრო რაღაც უბრალოდ, რადიკალური განცხადებების კეთებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს პრაგმატული, გონივრული, მტკიცე დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები