ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

ადვოკატი: ქარდავასა და მაზმიშვილზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებდა

facebook.com/OfficialPOG

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი, რომლებიც ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გუშინ დააკავეს, ღამით ადვოკატებმა მოინახულეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურა დაკავებულებზე ზეწოლას ცდილობდა, რათა მათ დათა და ბაჩო ახალაიების წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ.

„ისინი რეალურად დააკავეს ქალაქში, გაიტაცეს ყაჩაღურად და აიძულებდნენ ცრუ ჩვენება მიეცათ დათა და ბაჩანა ახალაიების წინააღმდეგ. მხოლოდ და მხოლოდ ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს აქ არიან. მათ, რა თქმა უნდა, ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ისინი დღეს ისჯებიან. ზეწოლა არა მარტო მათზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდებოდა. მიდის შანტაჟი, მუქარა, დაკავებები“, - აცხადებს ადვოკატი რომეო საჯაია.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი დაკითხეს. ონიანი აცხადებს, რომ პროკურატურა ცდილობს, ის, როგორც ადვოკატი, ახალაიას საქმეს ჩამოაშოროს.

„თქვენ წარმოიდგინეთ, შეკითხვა იყო ასეთი ხასიათის: ხომ არ იცი, ბაჩო ახალაია იმყოფებოდა თუ არა რუსთავში რეალურად იმ დროს, როცა ბრალი აქვს წარდგენილი. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ მე რომც ვიცოდე, როგორც ადვოკატს, არ მაქვს უფლება მათ აღნიშნულის შესახებ განვუცხადო. ეს არის ადვოკატთა ეთიკის კოდექსის დარღვევა. მე განვუცხადე, რომ ეს იყო ადვოკატთა ეთიკის კოდექსის დარღვევა, ვერ შემეწინააღმდეგნენ, მოვაწერე ამაზე ხელი და გამოვედი“, - ამბობს ონიანი.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძეც დაკითხეს. როგორც დონაძე აცხადებს, ნავთლუღის სპეცოპერაციის შესახებ ვიდეომასალა  შსს-ს პრესცენტრს არ გადაუღია და მას ამ კადრებთან კავშირი არ აქვს.

„ჩემი დაკითხვა დაახლოებით 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვფიქრობ, გამოძიებას ვუპასუხე ყველა იმ კითხვაზე, რაც აინტერესებდა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნავთლუღის  სპეცოპერაციის ვიდეოკადრები გადავიღე მე, ანუ შსს-ს პრესცენტრმა, ეს ვიდეოკადრები არ არის ჩვენი გადაღებული. ეს კადრები გადაიღო თავად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა და მეორე დღეს მე მივიღე გამზადებული მასალა, რომელიც შემდგომ პრესცენტრმა ვალდებულების მხრივ გაავრცელა“, - აცხადებს დონაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა. ასევე, გამოტანილია დადგენილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს, „ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს სამი ახალგაზრდა - მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე".

 

 

 

კომენტარები