ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დათა ახალაია

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე(მასტერა) თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი (განზრახ მკვლელობა) გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების ბრალდებით. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას, სასამართლომ ის გაამართლა. დგებუაძეს ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. მას პატიმრობის ვადაში ჩაეთვლება საექსტრადაციო პატიმრობის ვადა და ასევე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა. 

რაც შეეხება დათა ახალაიას, სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა, განზრახ მკველობის ბრალში კი დამნაშავედ სცნო და ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, 12 წლით წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავება. 

გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის: შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა. 

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ჰოლანდიიდან საქართველოში 2016 წლის 22 მარტს განხორციელდა. 

კომენტარები