ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

საპარლამენტო უმცირესობის წევრს კახა ბუცხრიკიძეს პროკურატურა კითხავს

საპარლამენტო უმცირეობის წევრს კახა ბუცხრიკიძეს თბილისის პროკურატურა კითხავს. დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ, ადვოკატთან ერთად მივიდა. მისი ინფორმაციით, უწყება მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე გუშინ მიუვიდა. ბუცხრიკიძის განმარტებით, გამომძიებლებს მასთან კითხვები ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით აქვთ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესზე ბუცხრიკიძე უკვე დაკითხეს. დეპუტატის თქმით, სასამართლოს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა. საქმე ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ბუცხრიკიძის ყოფნის პერიოდს.

"გუშინ მომივიდა უწყება, რომ დამატებით აქვთ კითხვები. მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო. რამდენიმე დღის წინ ყველა კითხვას გავეცი პასუხი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ ჩემი პასუხები", - თქვა ბუცხრიკიძემ. 

ენმ-ის დეპუტატის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ განუმარტავთ, ზუსტად რომელ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიბარეს დაკითხვაზე.

"უთხრეს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები, მაგრამ ამ საქმეზე მას არავითარი შეხება და შემხებლობა არ აქვს. ასე რომ, არ ვიცით, ზუსტად რაზე იბარებენ და რომ მივალთ, ადგილზე გავერკვევით, კონკრეტულად, რომელ ეპოზოდთან დაკავშირებით აქვთ კითხვები. ძალიან საეჭვოა, რომ სწორედ მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების შემდეგ მალევე იბარებენ, იმიტომ, რომ ის ჩვენება არ მოეწონა ბრალდების მხარეს. ბუცხრიკიძის ჩვენებით კატეგორიულად გამოირიცხა იმ ეპიზოდზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.

კომენტარები