ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

მოწმე: თათუხაშვილის თქმით, წყალში ახრჩობდნენ და შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარის მოწმემ სოფიო კობიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ მოწმეს შალვა თათუხაშვილს წყალში ახრჩობდნენ და შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ. კობიაშვილის თქმით, გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე, შალვა თათუხაშვილი მასთან სახლში იმყოფებოდა და მის დას, ქეთევან კობიაშვილს პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ესაუბრა. 

"გვითხრა, რომ ზეწოლა იყო პროკურორების მხრიდან და მას აიძულებდნენ, ხელი დაედო ბაჩო ახალაიასა და ლევან ქარდავასთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შვილს შემთხვევით ტრაილერი გაიტანდა. ამბობდა, რომ ჩვენების მიცემის დროს პროკურატურაში მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მათ შორის, თქვა, რომ წყალში მახრჩობდნენო, ასევე თქვა, რომ დედა მიტირეს და ამიტომ, ცრუ ჩვენებას ხელი მოვაწერეო. შალვა თათუხაშვილი აპირებდა, სასამართლოზე სიმართლე ეთქვა", - აღნიშნა სოფიო კობიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით. 

მისივე თქმით, თათუხაშვილისგან მოისმინა, რომ ის აპირებდა, ზეწოლის შესახებ ვიდეო ჩაეწერა და ყველაფერი მოეყოლა, თუმცა, კობიაშვილის თქმით, ყოფილმა მოწმემ ეს ვერ მოასწრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ბრალდების მხარე დღეს კიდევ რამდენიმე მოწმეს დაკითხავს, მათ შორის, პარლამენტარ კახაბერ ბუცხრიკიძეს.

კომენტარები