ამერიკის სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბარაკ ობამაც აწესებს

ევროკავშირის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც აწესებს.

ბარაკ ობამას ბრძანებით, პერსონალური შეზღუდვები რუსეთის და უკრაინის 11 მოქალაქეს დაუწესდა. მათ შორის, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, ასევე რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს, პრეზიდენტის მრჩევლებს სურკოვსა და გლაზიევს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ დღეს სანქციები დაამტკიცეს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის ცნობით, პერსონალური სანქციები რუსეთისა და უკრაინის 21 მოქალაქეს დაუწესდა, რომლებიც პასუხს აგებენ უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფაზე. მათ ევროპაში შესვლა აეკრძალებათ და აქტივები გაეყინებათ. უახლოეს დღეებში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას აპირებს. ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, ყირიმის ანექსიაზე უარი თქვას და უკან დაიხიოს.

კომენტარები