საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის ვებგვერდზე მის უფლებამოსილებას ძველი კონსტიტუცია "განსაზღვრავს"

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსის თინათინ მჟავანაძის განმარტებით, ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტის ძველი უფლებამოსილებები საიტის სატესტო რეჟიმის გამოა ატვირთული. მჟავანაძე ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვებგვერდზე ჯერჯერობით, ბევრი უზუსტობაა. საიტის განახლება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მაშინ მთლიანად წაიშალა წინა პრეზიდენტების ვიზიტების და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია.

 "ბოლომდე ვერ მოხდა საიტის განახლება. ჯერჯერობით, სერვერი შეიცვალა, ტექნიკურ დეტალებს გავდივართ. და ნელ-ნელა ეს ყველაფერი განახლდება. სხვა რაღაცებიც შესაცვლელია. არამხოლოდ ეგ. რაღაც მიმართულებები დასამატებელია. გასაახლებელია საიტი, არ არის განახლებული. ჯერჯერობით, სატესტო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი შეიცვალა საიტი, მაშინვე ვთქვით, რომ საიტი გადადის სატესტო რეჟიმში და ეს უნდა ეწეროს კიდეც. ჯერჯერობით, მიდის მისი განახლება. როგორც კი ტექნიკურად გაიმართება საიტი, მაშინვე განახლდება სხვა ფუნქციებიც. ზოგი დაემატება, ზოგი ამოვარდება. ამიტომ, ჯერჯერობით, ბევრი უზუსტობაა შიგნით" - ამბობს მჟავანაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი უფლებამოსილება ძველი კონსტიტუციის მიხედვით არის განსაზღვრული. მაგალითად, ვებგვერდზე წერია, რომ "პრეზიდენტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები", რაც ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრემიერის კომპეტენციაშია.

ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ "საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას", "თანხმობას აძლევს მთავრობას პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე", "საკუთარი ინიციატივით კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს", რაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ პრეზიდენტი "აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს", რაც ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით შეუძლია.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კონსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად, საქართველოში შეიცვალა მმართველობის მოდელი და ქვეყანა გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე, რის შედეგადაც, შეიზღუდა პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები და მისი ძალაუფლება გადანაწილდა პრემიერმინისტრსა და მთავრობაზე.

კომენტარები