სასამართლო სისტემა

კუბლაშვილმა სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა წარმოადგინა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა წარმოადგინა. კვლევა იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებშია ჩატარებული. კუბლაშვილის თქმით, აღნიშნული სასამართლოების მიერ განხილული საქმეები მთლიანად საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილული საქმეების 65%-ია.

კითხვაზე - სასამართლოში მოსვლის შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დარჩათ სასამართლოზე - გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ მათი განწყობა დადებითისკენ შეიცვალა, არ შეცვლილა და ისედაც პოზიტიური შთაბეჭდილება ჰქონდა - 36%-ს, უარყოფითად განწყობილია ან უარყოფითისკენ შეეცვალა აზრი 12%-ს.

შემდეგი კითხვა იყო, რამდენად კმაყოფილი არიან სასამართლოს მომსახურებით, სანამ პროცესზე შევლენ.

ძალიან კმაყოფილი ან კმაყოფილია 65%, არ აფიქსირებს აზრს, თუმცა უკმაყოფილო არ არის 22%, ხოლო უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა 8%.

რამდენად ენდობიან სასამართლო სისტემას - გამოკითხულთა 58% ენდობა, მეტ-ნაკლებად ენდობა 35%, არ ენდობა 5.7%.

კვლევაში ასევე დაისვა კითხვა სასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ - 80% თვლის, რომ აღარ არის კორუფცია, ხოლო 12% - ნაწილობრივ არის.

კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, ასეთი კვლევას წლის მეორე ნახევარში, უკვე სხვა სასამართლოებში ჩაატარებენ.

კომენტარები