ზურაბ ჟვანიას საქმე

ზოდელავა: სამწუხაროდ, ჟვანიას თემა პოლიტიკური სკანდალის და შოუს ნაწილად იქცა

ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პროკურატურა დატოვა. ზოდელავა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების Youtube-ზე გავრცელებული ფოტოკოლაჟის გამო დაკითხეს. მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მან პროკურატურას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც სწორად მიაჩნია.

"მე კვლავ ვრჩები იმ აზრზე, რომ პროკურატურის მიერ დღეს დილით გაჟღერებული ვერსია იმის თაობაზე, რომ ჩემს ანუ მთავარი პროკურორის კაბინეტში არსებულ სეიფში აღმოჩენილია შოკისმომგვრელი კადრები, არის ძალიან დიდი აბსურდი. მტკიცება იმისა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების თავდაპირველი ვერსია არასწორია და იყო რამე სახის ხელოვნური მანიპულაცია, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს. ეს თემა დიდი ხანია პოლიტიკური სკანდალის და შოუს ნაწილად იქცა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს არის ძალიან მძიმე ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის და პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ თანამდებობის პირებს" - თქვა ზოდელავამ.

ცნობისთვის, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია) აიტვირთა. ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნული ფოტომასალის გავრცელებას გამოეხმაურა. პროკურატურის ინფორმაციით, მასალის გამოქვეყნება ემსახურება მიზანს, რომ ხელი შეეშალოს გამოძიებას.

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ. ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკევებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დაკითხვაზე შესვლამდე, ზოდელავამ განმარტა, რომ ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებული დელიკატურობით გამოირჩეოდა, ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში - მთავარი პროკურორის კაბინეტში, სეიფში.

"ეს იყო, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, აქ იყო ფოტო და ვიდეომასალა არა მარტო შემთხვევის ადგილზე გადაღებული, არამედ შემდგომ სამედიცინო ექსპერტიზის და სხვა პროცედურების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. თითქმის წელიწადნახევრის წინ, ისევე როგორც ჩემი კაბინეტი, ასევე, ბუნებრივია, ეს სეიფი და მასალები გადაეცა ახალ მთავარ პროკურორს", - აცხადებს ზოდელავა.

კომენტარები