თათუხაშვილის საქმე

ადვოკატი: თათუხაშვილს დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნით მიაყენეს

გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის ცნობით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალვა თათუხაშვილის ცხედარზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ზაქარეიშვილმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა.

"დასკვნაში ნათქვამია, რომ შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით. მკვრივ, ბლაგვ საგანს წარმოადგენს მკვრივი კონსისტენციის და ბლაგვი ზედაპირის ნებისმიერი საგანი, როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის მუშტი, ხელკეტი და სხვა. თუ რითაა აღნიშნული დაზიანებები მიყენებული, დასადგენია გამოძიების მიერ", - თქვა ზაქარეიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დასკვნაში ისიც მითითებულია, რომ "გვამის დათვალიერების ოქმში, რომელიც გამომძიებლის მიერაა შედგენილი, არასრულყოფილადაა აღწერილი ის დაზიანებები, რომელიც გვამს აღენიშნება".

კომენტარები