ადგილობრივი არჩევნები 2014

ადგილობრივი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა დებულებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, რომელია ადგილობრივი თმვითმმართველობის არჩევნების პერიოდში იმუშავებს.


უწყებათაშორის კომისიას თავად იუსტიციის მინისტრი უხელმძღანელებს. მის შემადგენლობაში შევიდნენ: შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეები. კომისიის მდივანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იქნება.

კომისიის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა. ამ მიზნით კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

უწყებათაშორისი კომისია საჭიროებისამებრ შეიკრიბება, მაგრამ არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ - არა ნაკლებ კვირაში ერთხელ.

უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

კომენტარები