ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი

"ხრუშჩოვკების" დემონტაჟის მემორანდუმი მხოლოდ "სურვილის დეკლარირება" იყო

აშენდება თუ არა ე.წ ხრუშჩოვკების ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლები ამ დრომდე უცნობია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, არაბ ინვესტორებთან დადებული მემორანდუმი მხოლოდ სურვილის დეკლარირება იყო. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, სამუშაოები მხოლოდ ქალაქის განაშენიანების კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაიწყება.

ირაკლი შიხიაშვილმა არაბ ინვესტორთან მემორანდუმი 10 მარტს გააფორმა. 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებისთვის ბიზნესმენი სახელმწიფო გარანტიას ითხოვდა. ექუით ინთერნეიშენალი, რომელთანაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მემორანდუმი გააფორმა, ინტერნეტში არ იძებნება და არ არსებობს ინფორმაცია ამ კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების შესახებ.

შიხიაშვილი ამტკიცებს, რომ მსგავსი მემორანდუმები კიდევ 6 ქვეყანასთან გააფორმა. არაბულ მხარესთან დადებული შეთანხმება კი ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც საკრებულოს ვებ გვერდზე კონკრეტულ პროექტებს ეხება. ორი თვის წინ სალემ უმაიდ საიფთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი შიხიაშვილი იმედს გამოთქვამდა, რომ სამუშაოები ზაფხულში დაიწყებოდა.

არაბ ინვესტორთან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ექსპერტებსაც. ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, შეთანხმება თაღლითური სქემის ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები