სახელმწიფო ქონება

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადასცა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დავით აღმაშენებლის №60-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (საერთო ფართობი: 749,07 კვ.მ) სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცემა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საპატრიარქოს აღნიშნული შენობა-ნაგებობები საპრივატიზაციო პირობით გადაეცა. კერძოდ, არა უგვიანეს 3 თვის ვადაში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უნდა გააფორმოს ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" - ნათქვამია პრემიერის 23 აპრილის განკარგულებაში.

ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, საუბარია ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოსთან არსებული ეკლესიის ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტო უახლოეს პერიოდში განცხადებას გაავრცელებს.

კომენტარები