დავით კოდუას ცემა

ნოშრევან ნამორაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმის დავით კოდუას ცემის გამო, ნოშრევან ნამორაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღესვე პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. იგი არ გამორიცხავს, რომ ბრალის წარდგენის მომენტში საბრალდებო მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ლილი გელაშვილის განცხადებით, გამოძიება 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, თუმცა 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) გაგრძელდა. ადვოკატი არ ეთანხმება გამოძიების მიმდინარეობისას საბრალდებო მუხლის შეცვლას.

“მიმაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე, ნოშრევან ნამორაძის სამართლებრივი მდგომარეობის გადაკვალიფიცირება და დამძიმება არასწორია”, - თქვა გელაშვილმა.

დავით კოდუას თავს 3 მაისს დაესხნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კოდუას აქვს მძიმე კონტუზია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ ხერხდება. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის თქმით კი, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. კოდუას ცემიდან რამდენიმე საათში შსს-მ ერთი პირი - ნოშრევან ნამორაძე დააკავა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ჰყვება, რომ დავით კოდუას შურისძიების მიზნით სცემა.

კომენტარები