დავით კოდუას ცემა

პროკურორი: გვაქვს მტკიცებულება, რომ ნამორაძემ კოდუა სხვა პირებთან ერთად სცემა

პროკურორ დავით ხვედელიძის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ნოშრევან ნამორაძემ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა. ამის შესახებ პროკურორმა ნამორაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე ნამორაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ამასთან, ერეკლე კოდუას მეუღლის ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროკურატურამ პროცესზე წარადგინა ვიდეომასალა, რითაც დასტურდება, რომ დავით კოდუას რანდენიმე ადამიანი სცემდა. მისი განცხადებით, ნამორაძემ იცრუა. ჟორჟოლიანმა ბრალდების მხარეს მადლობა გადაუხადა, "რომ ვიდეომასალა არ გაქრა და სასამართლოს წარუდგინეს".

დავით კოდუას ცემისთვის დაკავებულ ნოშრევან ნამორაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დღეს წარედგინა. დანაშაული ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნოშრევან ნამორაძის ადვოკატის განცხადებით, საბრალდებო მუხლი მისთვისაც და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაც მიუღებელია, რადგან "ნამორაძე აცხადებს, რომ იგი მარტო იყო და მარტო მონაწილეობდა კოდუას ცემაში".

დავით კოდუას თავს 3 მაისს დაესხნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კოდუას აქვს მძიმე კონტუზია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ ხერხდება. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის თქმით კი, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე და სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. 

კოდუას ცემიდან რამდენიმე საათში შსს-მ ერთი პირი - ნოშრევან ნამორაძე დააკავა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ჰყვება, რომ დავით კოდუას შურისძიების მიზნით სცემა.

კომენტარები