უკანონო მოსმენები

გვარამია: პროკურატურის შიდა მოკავშირე დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძეა

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეფასებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადებიდან კარგად ჩანს, რომ ხაზი ტელეკომპანიის დაცვის ყოფილ უფროსამდე -  ვლადიმერ ბუნტურიძემდე მიდის. ბუნტურიძე ახლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და გვარამიას თქმით, ნათელია, თუ ვინ არის პროკურატურის შიდა მოკავშირე.

“გასაგებია, რომ მოკავშირე შიგნიდანაც უნდა ჰყოლოდათ. ეს ხაზი მიდის ბატონ ბუნტურიძემდე, რომელიც კოვზირიძემდე იყო დაცვის უფროსი და შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გახდა. სად-ში რომ ადამიანი მუშაობს და მასთან გადის ხაზი, ადვილი გამოსაცნობია საიდან იქნება დაკვეთა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის არის გარეული ამ საქმეში და ჩვენებაც მივეცი" - თქვა გვარამიამ და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თეიმურაზ კოვზირიძე თანამდებობიდან ნამდვილად დაითხოვა და მისი გათავისუფლება ჩანაწერების აღმოჩენის შემდეგ ლოგიკური იყო.

ასევე, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, 2012 წლის 21 დეკემბერს დაკავებული იყო, ამიტომ ჯერჯერობით არ იცის დეტალები, თუ რა ხდებოდა ამ დღეს რუსთავი 2–ის შენობაში.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მხოლოდ შემოწმება, რადგან ჩვენ სულ გვქონდა ეჭვი, რომ აქ რაღაც იყო”, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფინანსური მაქინაციის და საბუთების  გაყალბების ბრალდებით,  ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 19 დეკემბერს დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და 22 დეკემბერს გაათავისუფლა. 

მთავარმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში აღმოჩენილი სათვალთავალო ვიდეოკამერების დამონტაჟება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელიც სამსახურიდან  7 მაისს გაათვისუფლეს, გამოძიებას კადრები გადასცა, რომელიც 2012 წლის 21 დეკემბერს არის ჩაწერილი და ასახულია მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრები, რომლებიც ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში იმყოფებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები